July 30, 2009

გოროზიას “ვნებათაღელვანი” მთავრობის სხდომაზე [Video]

ზუგდიდში გამართული აფხაზეთის მთავრობის გაფართოებული სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. იგი იმ რეპლიკებს მოჰყვა, რომელიც კინოთეატრ “ატრიუმის” დარბაზში შეკრებილი დევნილებისა და ტრიბუნაზე მყოფი მთავრობის წევრებისგან ისმოდა.

აფხაზეთის მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენის შემდეგ მისმა ახალმა თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ დევნილებს პრობლემებზე საუბარი სთხოვა. ხმაურიც სწორედ გალიდან დევნილ იური კაკავას გამოსვლას მოჰყვა.

საგანგებოდ მომზადებული ტექსტის წაკითხვა კაკავას პირველად მთავრობის თავმჯდომარემ მაშინ შეაწყვეტინა, როცა გამომსვლელი საკუთარ ქვეყანაში დევნილად ქცეულების ყოფაზე, რუსულ ოკუპაციასა და აფხაზეთში დაბრუნების სურვილზე საუბრობდა. გიორგი ბარამიამ დევნილ კაცს “კომუნისტური გამოსვლისგან” თავის შეკავება და პირდაპირ პრობლემურ საკითხებზე საუბარი ურჩია.

იური კაკავას მიერ მთავრობის სხდომაზე დასმული საკითხები კი ასეთი იყო: “მისასალმებელია, რომ 16 წლის მანძილზე აფხაზეთის მთავრობა პირველად ჩამოვიდა ზუგდიდში. აქ დევნილების უმრავლესობა გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. ყველაზე რთული მდგომარეობა უმუშევრობის გამო გვაქვს. შემწეობის თანხით, რომელიც 28 ლარს შეადგენს უბრალო წამალსაც ვერ ვიყიდით. 85 ლარიანი პენსიით კი შეიძლება შეიძინო ერთი ტომარა ფქვილი და ზედ კილონახევარი ყველი მიაყოლო. ლობიოს თუ იყიდი 4 ლარად, ეს ხომ ბედნიერებაა. შაქარი და პური გაძვირდა. სიმინდის ფასი გაიზარდა”...

დევნილთა საცხოვრებელს ზოგან აწვიმს, არ არის სასმელი წყალი, კანალიზაცია უვარგისია, სახურავი და ფანჯრები შესაცვლელია. გათბობის პრობლემა 6 წლის წინ უკეთ გვარდებოდა, შეშის ვაუჩერი სრულიად გამოუყენებელია... სათანადოდ უნდა დაფასდეს დევნილი პედაგოგებისა და ექიმების შრომა...

– ”თბილისის ზოოპარკში თითოეული ცხოველის შესანახად 300-350 ლარია გამოყოფილი, ევროპაში უპატრონო ძაღლების მოსავლელად – 400 ევრო, ხოლო საქართველოში ადამიანის, ანუ დევნილის შესანახად 28 ლარია გამოყოფილი. ჩვენ მხოლოდ საარსებო მინიმუმს ვითხოვთ. გვეყო 16-წლიანი არაადამიანური ცხოვრება!”.

კაკავას ამ ბოლო ფრაზებმა დარბაზში დიდი ოვაცია და ტაში გამოიწვია. სამაგიეროდ ტრიბუნაზე მყოფი მთავრობა შეშფოთდა. მიკროფონს ხელი უკვე მეორედ გუბერნატორმა სტაცა. დევნილთა სოციალური უკმაყოფილების ჩასახშობად მან ნაცადი “ნაციონალური ხრიკი” გამოიყენა.

ზაზა გოროზია: “ჩვენ, აქ ამ პოლიტიკურ გამოსვლებს ვერ მოვისმენთ!”
დარბაზი: “რა არის აქ პოლიტიკური?”
გოროზია: “მე ვიცი რასაც ვლაპარაკობ!”
დარბაზი: “ჩვენს გაჭირვებაზე ვამბობთ მხოლოდ.”
იური კაკავა: “ხომ უნდა ვთქვათ რა მდგომარეობაში ვართ? კარგი, თუ არ არის საჭირო...”
გიორგი ბარამია: “ჩვენც ამისთვის ჩამოვედით აქ”...
დარბაზი: “გაანებე თავი, რა აზრი აქვს რამის თქმას, ვინ არიან კაცო ესენი”...
გოროზია: “თუ შეიძლება ვისაუბროთ პრობლემებზე, პოლიტიკური განცხადებებისგან თავი შევიკავოთ”.
იური კაკავა: “რომელია აქ პოლიტიკური განცხადება მე ვერ გავიგე კაცო. რა მდგომარეობაში ვიმყოფებით დევნილები იმაზე ვსაუბრობ...”
გოროზია: “ამას მე გეტყვით ჩემს პასუხში.”
იური კაკავა: “ჩვენ ყველანი მივესალმებით გია ბარამიას დანიშვნას, იმიტომ, რომ...”
გოროზია: “აი, ეს არის მთავარი...”
იური კაკავა: “ბარამიამ გამოიარა დევნილობა. მისი მამის გულმა ვერ გადაიტანა ეს დევნილობა და აქ დავკრძალეთ... ეს მთავრობა გიას ხელმძღვანელობით ყველაფერს გააკეთებს”...
გოროზია: “მოდი რა, არ ჯობდა ეს წერილი გადაგეგდო და გულიდან რასაც ლაპარაკობ ის თავიდანვე გეთქვა? ვიღაცის დაწერილს რომ გვიკითხავ ახლა?”
დარბაზი: “ტყუილია, ტყუილია, თვითონ დაწერდა. მოხუცი განათლებული კაცია”...

ეს იყო ის დიალოგი, რომელიც დარბაზში შედგა. მის გარეთ კი Presa.ge შეეცადა თავად აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელისგან მოესმინა შეფასებები, იყო თუ არა დევნილის სიტყვებში პოლიტიკური განცხადებები. გიორგი ბარამიამ ჟურნალისტის კითხვას პირდაპირი პასუხი არ გასცა:

– “ჩვეულებრივი მომენტია, ხალხს მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება. მე კი არა ანგელოზი რომ მოვიდეს”...

პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა თუ არა დარბაზში?
– კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ აქ იყო სოციალური საკითხები და გამომდინარე აქედან იყო გამოწვეული ვნებათაღელვა, მარა თუ თქვენ ამას პოლიტიკურ განცხადებად ჩათვლით, თქვენი პრობლემაა.

ეს ჟურნალისტს არ უთქვამს, გუბერნატორმა ბრძანა
– ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩემი აზრით არ გაკეთებულა. ეს ყველაფერი იყო ვნებათაღელვა... დანარჩენი ჰკითხეთ გუბერნატორს.

გუბერნატორს Presa.ge-მ მართლაც ჰკითხა, მაგრამ გოროზია ინტერვიუს უხმოდ “გაექცა” და დარბაზში გაუჩინარდა. მან კომენტარი მხოლოდ ტელევიზიებისთვის გააკეთა. მისთვის დარბაზში მომხდარი ინციდენტის შესახებ არავის უკითხავს.

სამთავრობო სხდომიდან გამოსული დევნილები ამბობდნენ, რომ გოროზიას დევნილების შეურაცხყოფისთვის ”ოდესმე აუცილებლად მოეთხოვება” და ”ვნებათაღელვა დღეს არა დევნილებს, არამედ მთავრობას ჰქონდა”...

[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი. presa.ge]

უკან