June 22, 2009

ძლიერ ქარს ზუგდიდში მსხვერპლი მოყვა[video]

ზუგდიდში ამოვარდნილმა გრიგალმა მთავარ ხეივანში ჭადრის ხე ფესვიანად ამოგლიჯა, რომელიც ფეხით მოსიარულე 62 წლის ქალბატონს დაეცა. ნაზი აკობია სხეულზე მიღებული მძიმე დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც მომხდარის ნახვით შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა.

უბედურ შემთხვევას გადაურჩა ლუიზა კვარაცხელიაც, რომელსაც ხის რყევის ხმა ზურგიდან შემოესმა და გაქცევა სცადა.

ლუიზა კვარაცხელია: “როგორც კი ზურგს უკან ხის ჭრიალი შემომესმა, ნაბიჯებს ავუჩქარე, რათა მალე გავცლოდი ხეივნის ტერიტორიას. შუა ქუჩამდე რომ მივაღწიე, უკან მოვიხედე და ჩემს უკან მომავალი ქალი ვეღარ ვნახე... ის უკვე ჭადრის ხის ქვეშ იყო მოქცეული. ვყვიროდი, ადამიანებს ვუხმობდი, რომ ქალს დახმარებოდნენ”.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და საპატრულო სამსახურის ჯგუფები 1 საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

ძლიერი ქარმა ზუგდიდში კიდევ რამდენიმე ხე ამოძირკვა, რამაც ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია. 2 საათის განმავლობაში ქალაქის დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.

უკან