June 22, 2009

ნაღმის აფეთქების შედეგად ავთანდილ ახალაძე დაიღუპა[video]

წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში ორი აფეთქების ხმა დილის 10:30 წუთზე გაისმა. ქართულ-აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართან ნაღმები მაშინ აფეთქდა, როცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია პატრულირებას ახდენდა. მათთან ერთად მუჟავას ტერიტორიაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა სამედიცინო ბრიგადა “მედი ქლაბ ჯორჯია”.

ნაღმის აფეთქების შედეგად სწორედ მედიკოსების მანქანა დაზიანდა, რომელიც არ იყო ბრონირებული. სხეულის მძიმე დაზიანება მძღოლმა, ავთანდილ ახალაძემ მიიღო, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანიდან 10 წუთში გარდაიცვალა.

აფეთქების შედეგად დაზიანებები მიიღო სამედიცინო კომპანიის ექიმმა, გუგული პაპიაშვილმა, რომელსაც ზუგდიდის საავადმყოფოში დახმარება აღმოუჩინეს.

ზვიად თოლორაია, ქირურგი: “დაჭრილი უმძიმეს, შოკურ მდგომარეობაში შემოიყვანეს. იგი ოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. დაზიანებები მუცლის ღრუში აღინიშნებოდა. სიკვდილი დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვამ გამოიწვია”.

ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის საავადმყოფოში “მედი ქლაბ ჯორჯიას” გენერალური დირექტორიც მივიდა. დიმიტრი მახათაძე აცხადებს, რომ მისთვის უცნობია ინციდენტის დეტალები.

დიმიტრი მახათაძე: “მე მხოლოდ ვადასტურებ იმას, რომ ახალაძე და პაპაშვილი ჩემი კომპანიის თანამშრომლები არიან და პატრულირების დროს ევროკავშირის მისიას ახლდნენ. ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია თუ რა ვითარებაში და კონკრეტულად სად მოხდა აფეთქება”.

მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, ჰანს იორგ ჰაბერმა მწუხარება გამოთქვა.

– “მიღებული მანდატის თანახმად ევროკავშირის მონიტორინგის მისიას ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად პატრულირების უფლება აქვს. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩვენს შეუიარაღებელ დამკვირვებლებზე მათი კანონიერი მოვალეობის შესრულების დროს ნებისმიერი თავდასხმა სრულიად დაუშვებელია”, – განაცხადა ჰანს იორგ ჰაბერმა და მოითხოვა გარანტია, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდება.

კადრები გადაღებულია "პრესა.ჯი"–ს კორესპონდენტის ნანა ფაჟავას მიერ.

უკან