June 22, 2009

კუდ–ის შენობიდან კუდმოჭრილი კატის ხმა ისმოდა[video]

“დღეს დაახლოებით ხუთის ნახევარზე დამირეკა პიროვნებამ ნომრიდან 891 63 17 35 და სიტყვიერი შეურაცყოფის შემდეგ დამემუქრა, რომ საღამოს 2 საათზე საკანს დამირბევდა. მე მაშინვე ვესაუბრე კოკა გუნცაძეს და მოვახსენე საქმის ვითარება. რამდენიმე წუთში ისევ დამიკავშირდნენ, ამჯერად ნომრიდან 871 65 80 80 და იგივე ტექსტი გამიმეორეს. მინდა გითხრათ რომ მე მივიღე თქვენი გამოწვევა. უფრო მეტიც, უახლოეს დღეებში ვაპირებ კიდევ ერთი, მეოთხე საკანი დავდგა და პროტესტის ეს ფორმა გაგრძელდება მანამ სანამ არ წავა თქვენი მიხეილ სააკაშვილი”- ეს ზუგდიდის საკნის “პატიმრის” კახა მიქაიას ის სიტყვებია რომელიც, მან 15 ივნისს ზუგდიდის კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის შენობის წინ გამართულ ბრიფინგზე წარმოსთქვა.
მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ტელეკომპანიების რეგიონალური ჟურნალისტები წინასწარ, რამდენიმე საათით ადრე, იყვნენ ინფორმირებულნი მიქაიას პრესკონფერენციაზე, არც ერთი მათგანი არ მოსულა და არც ერთ არხზე აღნიშნული ინფორმაცია არგაშუქებულა. ადგილზე იყვნენ ჟურნელ “ღია ბოქლომი”-ს მთავარი რედაქტორი ილია ჩაჩიბაია, “პრესა”-გეს კორესპოდენტი ნანა ფაჟავა, “ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი გუგა ლაგვილავა, რადიო "თავისუფლების" თანამშრომელი გერონტი ყალიჩავა და “მწვანე ტალღის” კორესპოდენტი სოსო ხოფერია, რომლებმაც გადაღებული მასალა მიაწოდეს სხვადასხვა ტელეკომპანიებს და ინტერნეტსაიტებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ზუსტად ზემოთ აღნიშნული ტელეფონის ნომრებიდან ხორციელდებოდა სატელეფონო მუქარები ჟურნალ “ღია ბოქლომი”-ს ჟურნალისტებზე. რედაქციაში ხშირად შემოდის ამ და სხვა ნომრებიდან ზარები. ტექსტი ერთიდაიგივეა “პოლიციელები მცემენ; პატრულმა უკანონოდ დამაკავა; ნარკოტიკული ნივთიერება ჩამიგდეს”... პირად ნომრებზე კი ძირითადად გვიან ღამით რეკავენ. აღნიშნული ინციდენტები რედაქციამ ყოველთვის გადაამოწმა, თუმცა არც ერთი სწორი არ აღმოჩნდა.
15 ივნისს კახა მიქაიას პირად ნომერზე და ჩვენს რედაქციაში შემოსული ზარების ავტორიც ერთიდაიგივე აღმოჩნდა. ეს დიქტოფონში ჩაწერილი მათი ხმების შედარების შემდეგ დადგინდა. ჟურნალი “ღია ბოქლომი” სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ერთადერთი პოლიტიკური გამომცემლობაა, რომელიც რეგიონში მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად და ყოველგვარი მიკერძოების გარეშე აშუქებს, ამიტომ ხშირად “ოპოზიციურობა” ბრალდება.
ჩვენთან საუბრისას კახა მიქაიამ, ნიკა პაჭკორიამ, დათო სორდიამ, პაატა სორდიამ და ალიკა გეთიამ აღნიშნეს რომ მთელი დღის განმავლობაში საკნების შორიახლო “კუდის” და სამხარეო პოლიციის თანამშრომლების ავტომანქანები მოძრაობდნენ. პაატა სორდია: “871 65 80 80 ნომრიდან 25 მარტს დამირეკა ვიღაცამ და მითხრა რომ მათთვის უნდა მიმეტანა ერთი აკმ-ის ავტომატური იარაღი და ხუთი ვაზნა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღესვე წალენჯიხის პოლიციას შევატყობინე აღნიშნული და საქმის დაუყონებლივი გამოძიება ვთხოვე, ამ დრომდე ჩემს განცხადებაზე მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.”15 ივნისს საკნების დარბევაზე ინფორმაცია გვქონდა. როგორც სჩანს, ისინი ზემოდან ბრძანებას ელოდებოდნენ, რომელმაც ან დაიგვიანა, ან გადაიდო.”
ps. კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტიდან აქციის მიმდინარეობისას უცნობმა პიროვნებამ კატის ხმით დაიწყო ყვირილი. როგორც აქციის გასაშუქებლად მისულმა ჟურნალისტებმა აღნიშნეს, კონსპირაციული შენობიდან შსს ერთ–ერთი თანამშრომელი ოპოზიციის მომხრეების გასაღიზიანებლად სხვადასხვა ცხოველის ხმით რეპლიკებს სარკმელთან მიმალული ისვროდა...
წარმოდგენილი კადრები გადაღებულია "პრესა.გე"–ს კორესპონდენტის ნანა ფაჟავას მიერ.

კადრები გადაღებულია "პრესა.ჯი"–ს კორესპონდენტის ნანა ფაჟავას მიერ.

[ლია შამათავა]

უკან