June 22, 2009

ზუგდიდში მეოთხე საკანი გამოჩნდა[video]

ზუგდიდში, საპროტესტო აქციის დაწყებიდან 48-ე დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ მეოთხე საკანი დადგა. საკნების აქციას კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

“პატიმრებს” საკნის გადმოტანა “დისლოკაციის” ადგილზე ამჯერად ხელებით მოუხდათ, რადგან სატვირთო ავტომანქანის მძღოლებმა მომსახურეობაზე უარი ზეწოლის გამო თქვეს.

საკანი 139 დღეს კონსერვატორებმა სულხან ქარაიამ და დემნა ხუბუამ დაიკავეს. საკნის “პატიმრები” სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც მოუწოდებენ, რომ ზუგდიდში არსებული ტერორის მიუხედავად საპროტესტო აქციას შემოუერთდნენ.

კახა მიქაია: “საკნების გადმოტანა ავტომანქანით იმიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ პატრულმა და სამხარეო პოლიციამ მძღოლები დაატერორა და სატვირთო მანქანების ჩამორთმევით დაემუქრა. ამიტომ პრობლემა თავადვე მოვხსენით, საკანი ავაწყვეთ და შიშველი ხელებით გამგეობის წინ გავატარეთ...

სააკაშვილის ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც ასოცირდება ტერორთან, გაყალბებასთან, ადამიანის უფლებების დარღვევასთან, მთლიანად სამეგრელოშია კონცენტრირებული. ამიტომ, არის აქ ასეთი ტოტალური შიში, მაგრამ ის გატყდება. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ზუგდიდში განიცდის პირველ მარცხს სააკაშვილის ფაშიზმი”.

გაერთიანებული ოპოზიცია საკნების რიცხვის გაზრდას მომავალი კვირიდან გეგმავს. ასევე იგეგმება პერმანენტული საპროტესტო აქციები ყველა იმ სახელმწიფო დაწესებულებებთან, რომლებიც ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების მიმართ მიზანმიმართულ ტერორს ახორციელებენ.

უკან