December 12, 2009

”დიდი რეაბილიტაცია“ კანალიზაციის გარეშე [video]

იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმა კოლექტიური ცენტრების რეაბილიტაციასა და დევნილი ოჯახებისათვის სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) მათ საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებს.

ამავე გეგმის მოხედვით ”რეაბილიტაციის სტანდარტებისა და კრიტერიუმების შექმნაზე მუშაობისას მხედველობაში იქნება მიღებული მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოყენებული სტანდარტი, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ფართის სიდიდე საშუალოდ შეადგენს 40 კვადრატულ მეტრს საშუალო ოჯახზე (3-4 ადამიანი).

როგორც წესი, ყოველ ოჯახს ექნება საკუთარი სანიტარული კვანძი. იქ, სადაც ფართი არ იძლევა ხსენებული სტანდარტის დაკმაყოფილების საშუალებას, სავარაუდოდ, ორ ან მეტ ოჯახს ექნება საერთო სველი წერტილი. რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებულ იქნება დევნილთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით და დევნილების მონაწილეობით.

თანხები ძირითადად აკუმულირებული იქნება მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომელიც გამოაცხადებს ტენდერებს და გააფორმებს ხელშეკრულებებს შემსრულებელ კომპანიებსა და ორგანიზაციებთან“.

სწორედ ამ უკანასკნელი პირობის მიხედვით ზუგდიდის რაიონში დევნილთა სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების უფლება შპს ”ბლოკ-ჯორჯიამ“ მოიპოვა.

იმის გასარკვევად, თუ რა შედეგით დასრულდა მაისში დაწყებული ”დიდი რეაბილიტაციის“ პროცესი, ”პრესა.გე“-მ სოფელ ინგირში არსებული ობიექტები მოინახულა.

ორ, ოთხსართულიან შენობაში 80-მდე დევნილი ოჯახია ჩასახლებული. ერთი შეხედვით შელამაზებული ფასადის მიღმა უამრავი პრობლემა აღმოჩნდა, თუმცა არც წინხედი იყო ”შეულახავი“- ქარის შედეგად ახდილი თუნუქის სახურავი დევნილებს ”ამაყად დასცქეროდა.“ სახლის გვერდებიდან კი ჩამორღვეული ე.წ ”ჟოლობები“ ჩანდა.

როგორც ”პრესა.გე“-მ აღმოაჩინა, მყარად არც სახლები იდგა- ოთხსართულიანი სახლის სარდაფები წყლით გავსებულა...ეზოში კი უცხოელების ”ნაჩუქარი“ რვაგანყოფილებიანი საპირფარეშო ”წამოჭიმულა“, საიდანაც ფეკალური მასები პირდაპირ ეზოში იღვრებოდა.

როგორც დევნილები ამბობენ, საპირფარეშო, სადაც დილა-საღამოს თითქმის 150-კაციანი რიგი დგას, მხოლოდ ერთხელ დასუფთავდა...

ეს ყველაფერი კი დევნილთა სახლში საკანალიზაციო სისტემისა და წყალგაყვანილობის არარსებობამ გამოიწვია. როგორც ”პრესა. გე“-მ გაარკვია დევნილების დიდი ნაწილი, რომლებიც რემონტის განმავლობაში თავს ნათესავებს აფარებდნენ, ან ქირით ცხოვრობდნენ. სახლებში დაბრუნებას კი სწორედ ამ პრობლემის გამო აყოვნებენ.

”ხარისხი?! მაქსიმუმ ევრორემონტი გააკეთეს. უბრალოდ, ტუალეტი არა, კანალიზაცია, წყალი არა და ყველაფერი ევროდონეზეა გაკეთებული. დიდი მადლობა სააკაშვილს!“-ირონიით აცხადებდა დევნილი მამაკაცი.

ოთარ ქუთელია, დევნილი გუდავადან: ”რაცაა გასაკეთებელი, ის უნდა გააკეთონ, თუ არადა ჰქონდეთ ეს შენობა მაგათ, მოვიდეს კომისია და ნახონ რა აქვთ გაკეთებული. სად დაიხარჯა ეს ჩვენი ფული? სააკაშვილის არ არის ეს ფული, მსოფლიოს გამოგზავნილია“.

რომ არაფერი ვთქვათ საპირფარეშოზე, უწყლოობამ პირველ რიგში დიასახლისები შეაწუხა, რომლებიც თეთრეულისა და ჭურჭლის სარეცხ წყალს მაღალ სართულებზე ეზოდან ეზიდებიან, შემდეგ კი ჭუჭყიანი წყალი ისევ დაბლა ჩააქვთ...

შპს ”ბლოკ-ჯორჯიას“ ზუგდიდის უბნის უფროსი, რეზო მოლაშხია აცხადებს, რომ წყალგაყვანილობითა და კანალიზაციით დევნილების დაკმაყოფილება მათი საზრუნავი არ ყოფილა, რადგან ეს სამუშაოები იმ კომპანიას უნდა შეესრულებინა, ვინც ტენდერში გაიმარჯვა. ამის უფლება კი უკვე ”საქჰიდრომშენს“ აქვს, რომელიც სამუშაოს ალბათ მალე დაიწყებს.

იმ სამუშაოს შესახებ კი რომელიც ”ბლოკ-ჯორჯიამ“ შეასრულა, მოლაშხიას ”საკუთარი“ ვერსია აქვს. ის დარწმუნებულია, რომ ”დიდი რეაბილიტაცია“ წარმატებით დასრულდა... ახდილი სახურავის თემა კი მან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ანალოგით ”გააპრავა“.

რეზო მოლაშხია: ”თბილისის აეროპორტს სახურავი ხუთჯერ ახადა ქარმა. იცით ეს თქვენ? მანდ თუ მართლა მოხდა ეს ამბავი, მე მართლა პასუხს ვაგებ, მაგრამ ”პრარაბიც“ არ დარჩება იქ...როგორ, ”ჟოლობიც“ ჩამოინგრა სპეციალურად ხომ არ გააკეთეს კაცო ეს ყველაფერი დღეს?..“

ბატონი რეზო ”პრესა.გე“-სთან პირობას დებს, რომ დღის ბოლომდე ”პრობლემა გამოსწორდება“, უფრო მეტიც, იგი ”ერთობლივ შემოწმებასაც“ გვპირდება...

უფრო უპრიანია, ყველამ, ”ბლოკ-ჯორჯიამ“, დევნილთა და განსახლების სამინისტრომ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა და უბრალო მუშამაც პირველ რიგში საკუთარი სინდისი ”შეამოწმოს“ და საკუთარი კერიიდან გამოყრილი დევნილები ადამიანურად დააბინავოს.

ჟურნალისტები კი სხვა ობიექტებსაც ”მაკონტროლებლის“ გარეშე შემოივლიან, სადაც, როგორც ამბობენ, მსგავსი პრობლემები უხვად არსებობს.
[წყარო: პრესა.გე]